პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტები აღმოფხვრის ღვიძლის კიბოს განვითარების რისკს

პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტები აღმოფხვრის ღვიძლის კიბოს განვითარების რისკს

დიდი დაკვირვებითი კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) ერადიკაცია პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტებით (DAA) 71%-ით ამცირებს ჰეპატოცელულური კარცინომის (HCC) განვითარებას. ღვიძლის პირველადი კიბოს განითარების მთავარი მიზეზი აშშ-ში სწორედ HCV ინფექციაა და ამიტომ „სავარაუდოა რომ თუ მოვახდენთ C ვირუსის ელიმინაციას, ამასთან ერთად ღვიძლის კიბოც რადიკალურად შემცირდება“, განაცხადა ვაშინგტონის უნივერსიტეტის მთავარმა მკვლევარმა ექიმმა George N. Ioannou-მ.

„პაციენტები ვისაც HCV ინფექციის გამო უკვე განუვითარდათ ღვიძლის ციროზი ან ღვიძლის მძიმე ფიბროზი ვირუსის განადგურებამდე, მიუხედავად ეფექტური მკურნალობისა მაინც შესაძლოა იყვნენ HCC-ს განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.

უფრო მეტიც, რამდენიმე კვლევამ თითქოს აჩვენა რომ მკურნალობის შემდეგ შესაძლოა პაციენტებს უფრო გაზრდოდათ კიბოს განვითარების რისკი.

ეს უფრო მნიშვნელოვანს ხდის რომ მეტად მიზანდასახულად ვიკვლიოთ და დავამტკიცოთ ადეკვატური და საფუძვლიანი კვლევებით რომ C ვირუსისგან განკურნება ამცირებს HCC-ს განვითარებას“, თქვა ექიმმა Ioannou-მ.

მან წარადგინა თავისი კვლევა 21 ოქტომბერს, ამერიკის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის (AASLD) ყოველწლიურ  კონგრესზე.

კვლევა ეფუძნებოდა 62 051 პაციენტს ვინც 83 695-ჯერ ჩაიტარეს მკურნალობა VA Puget Sound Healthcare System-ის ფარგლებში. ამათგან 35 873 მხოლოდ ინტერფერონიანი რეჟიმი იყო, 26 178 DAA ინტერფერონით ან მის გარეშე. მკვლევარებმა დააფიქსირეს ღვიძლის კიბოს 3 271 ახალი შემთხვევა, რომელიც დიაგნოსტირდა მკურნალობის დასრულებიდან 180 დღიდან 6.1 წლის ფარგლებში. HCC-ს შემთხვევები ყველაზე მაღალი იყო ციროზის მქონე პაციენტებში ვინც ვერ განიკურნენ (3.25 შემთხვევა ყოველ 100 პაციენტზე წელიწადში) – მათ მოყვებოდნენ ციროზიანი და განკურნებული პაციენტები (1.97); ციროზის არმქონე და უეფექტოდ ნამკურნალებები (0.87); და ციროზის არმქონე და განკურნებულები (0.24).

მულტივარიაბელური მოდელით ანალიზმა გამოავლინა საინტერესო ფაქტორები, რომელიც ასოცირებული იყო HCC-ს რისკის შემცირებასთან. მყარი ვირუსული პასუხი (SVR) ასოცირებული იყო ღვიძლის კიბოს განვითარების რისკის მნიშვნელოვნად შემცირებასთან, მიუხედავად იმისა ანტივირუსული თერაპია იყო მხოლოდ DAA-თ (adjusted hazard ratio, 0.29), DAA + ინტერფერონით (aHR, 0.48), თუ მხოლოდ ინტერფერონით (aHR, 0.32) ჩატარებული.

„ღვიძლის კიბოს რისკი შემცირდა როგორც ციროზიან ისე ციროზის არმქონე პაციენტებში“ აღნიშნა ექ. Ioannou-მ, Reuters Health-თან სატელეფონო ინტერვიუში. მან ასევე დასძინა, რომ წინა წელს ევროპის ღვიძლის კონგრესზე წარმოდგენილი კვლევა სადაც ნაჩვენები იყო HCC რეკურენსის (ნამკურნალები HCC-ს ხელახლა განვითარება) სიხშირის მატება DAA-თ მკურნალობის შემდეგ, „ძალიან საკამათოა რადგან DAA ახდენს ვირუსის ერადიკაციას მინიმალური გვერდითი ეფექტებით და ყველაფერი რაც C ვირუსზე და HCC-ზეა ცნობილი ამბობს რომ ვირუსისგან განკურნება ამცირებს ღვიძლის კიბოს რისკს და არ ზრდის მას“.

„იმ მონაცემებზე დაყრდნობით, ვფიქრობ ბევრი ყოყმანობდა ანტივირუსულ თერაპიაზე. ასე რომ ძალზე მნიშვნელოვანი იყო განგვემარტა მკაფიოდ, რომ მკურნალობა უსაფრთხოა და ჩვენმა კვლევამ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი საკითხები გახადა ნათელი – ვიდრე მხოლოდ HCC რეკურენსია. მაგრამ DAA განა მარტო ღვიძლის კიბოს პრევენციისთვის გამოიყენება?“ თქვა ექიმმა Ioannou-მ.

„ჩვენი შედეგები, მე ვფიქრობ, არის ძალიან ზუსტი – დაკვირვებით კვლევის შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც აჩვენებს რომ C ვირუსისგან განკურნება 71%-ით ამცირებს ჰეპატოცელულური კარცინომის განვითარების რისკს“, განაცხადა ექიმმა  Ioannou-მ.

„HCV ერადიკაციას აქვს უდიდესი სარგებელი ღვიძლის კიბოს სიხშირის შემცირებაში როგორც ინდივიდუალურად ისე მთელს პოპულაციაში“, დაამატა მან. „ექიმებმა და პაციენტებმა არ უნდა შეიკავონ თავი ანტივირუსული მკურნალობისგან კიბოს განვითარების რისკის გამო. პირიქით, უნდა ვუმკურნალოთ C ჰეპატიტს ზუსტად იმიტომ რომ შევამციროთ ღვიძლის კიბოს რისკი“.

კვლევა ამჟამად გამოქვეყნების პროცესშია ჟურნალში – Hepatology.

კვლევას არ ყავდა კომერციული დამფინანსებელი. ექიმმა Ioannou-მ გრანტი მიიღო „Janssen Pharmaceuticals“-დან.

წყარო:  http://bit.ly/2xTbV7U 

The Liver Meeting 2017.

Direct-acting Antivirals Cut Risk of Liver Cancer – Medscape – Oct 23, 2017.