საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაციის (საჰეა) სპეციალური განცხადება

საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაცია (საჰეა) გამოთქვამს შეშფოთებას საზოგადოებაში ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც შეეხება C ვირუსის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანტივირუსული მედიკამენტების მიღებასა და ღვიძლის სიმსივნის განვითარების რისკის შესაძლო ზრდას.

საჰეა სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მიმდინარე დებატებს არაფერი საერთო არ აქვს თანამედროვე მედიცინაში არსებულ პროცესებთან და რეალურ სამეცნიერო ფაქტებთან.

აღნიშნულ თემაზე პირველი პუბლიკაცია გამოქვეყნდა Conti F. და კოლეგების მიერ 2016 წლის ოქტომბერში, ავტორიტეტულ ჰეპატოლოგიურ გამოცემაში Journal of Hepatology1 სადაც ავტორები აღნიშნავდნენ ადეკვატურად ნამართი ჰეპატოცელულური კარცინომის (ღვიძლის პირველადი კიბო) ხელახლა განვითარების მოულოდნელად მაღალ შემთხვევებს. საკვლევი პოპულაციის სიმცირისა და კვლევის დიზაინის სხვა თავისებურებების გამო აღნიშნული მონაცემების გავრცობა და მისი უტყუარ სამედიცინო ფაქტად დამკვიდრება არ იყო შესაძლებელი, თუმცა ყურადღების მიქცევას და კვლევების გაგრძელებას ნამდვილად საჭიროებდა.

აღნიშნული ფაქტის დაფიქსირების შემდგომ გამოქვეყნდა ასობით პუბლიკაცია და ამ თემის განხილვას დაეთმო უამრავი სპეციალური სესია საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესებზე. ჰეპატოლოგიის წამყვანი ექსპერტები ცალსახად შეთანხმდნენ შემდეგ უტყუარ ფაქტებზე:

  1. ახალი თაობის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობის სარგებელი ბევრად აღემატებოდა შესაძლო რისკებს.
  2. ახალი თაობის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული თერაპია არ იწვევს ღვიძლის კიბოს.

თითქმის ყველა ფუნდამენტური თუ მცირე კვლევა, რაც კი ამ თემაზე ჩატარებულა, მიმოხილულია სტატიაში, რომელიც ამა წლის ივნისის თვეში გამოქვეყნდა ერთ-ერთ ავტორიტეტულ ჟურნალში იტალიელი ავტორების მიერ2. ავტორებმა სკურპულოზურად გააანალიზეს არსებული ურთიერთგამომრიცხავი მასალები და ვერ იპოვეს მყარი მტკიცებულებები ანტივირუსული მკურნალობებით გამოწვეული ღვიძლის სიმსივნის რისკის ზრდასთან დაკავშირებით. მეტიც, ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის (EASL) უკანასკნელ, 2018 წლის მეთოდურ რეკომენდაციაში3, რომელიც C ვირუსის მკურნალობას ეძღვნება, ანტივირუსული მკურნალობის მიზნების ჩამონათვალში ღვიძლის სხვა გართულებების თავიდან არიდებასთან ერთად ხაზგასმით არის აღნიშნული ჰეპატოცელულური კარცინომის განვითარების რისკის შემცირება. ასევე აღნიშნულია, რომ იმ პაცენტებში, რომელთაც უკვე დიაგნოსტირებული აქვთ ღვიძლის კიბო, ანტივირუსული თერაპიის სარგებელი ბოლომდე ნათელი არ არის. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას ღვიძლის მძიმე, შეუქცევადი დაზიანება აღენიშნება, მკურნალობა მაინც დასაშვებია ჰეპატოცელულური კარცინომის მჭიდრო მეთვალყურეობის პარალელურად.

და ბოლოს, საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაცია პაციენტებისთვის ავრცელებს შემდგომ რეკომენდაციებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით (რაც არსობრივ თანხვედრაში მოდის ევროპის და აშშ-ის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციების რეკომენდაციებთან):

  1. პაციენტები, რომლებსაც ანტივირუსული მკურნალობის დაწყებამდე დაესვათ ღვიძლის მძიმე დაზიანების (მძიმე ფიბროზი, კომპენსირებული ციროზი ან დეკომპენსირებული ციროზი) დიაგნოზი, ვირუსის განადგურების მიუხედავად არიან ღვიძლის დაზიანების პროგრესირების და/ან ჰეპატოცელულური კარცინომის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ იმ პაციენტებთან შედარებით, ვისაც არ აღენიშნებოდა ღვიძლის მძიმე დაზიანება. აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, ყველა ღვიძლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტმა უნდა გააგრძელოს გეგმიური მეთვალყურეობა მკურნალობის დასრულების შემდეგ.
  2. პაციენტები, რომლებსაც უკვე დიაგნოსტირებული აქვთ ჰეპატოცელულური კარცინომა, აუცილებლად უნდა იყვნენ როგორც მინიმუმ გამოცდილი ექიმი ჰეპატოლოგის, ექიმი ონკოლოგისა და ექიმი რადიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. ასეთ შემთხვევებში გადაწყვეტილება ანტივირუსული მკურნალობის დაწყებასთან და ონკოლოგიური მართვის ტაქტიკასთან დაკავშირებით მიღებულ უნდა იქნას მულტიდისციპლინური განხილვის შედეგად.

საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაცია გისურვებთ ჯანრმთელობას და მუდამ მზად არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის დახმარებით დაგიცვათ სამედიცინო დეზინფორმაციისგან.

 

წყარო:

  1. Early occurrence and recurrence of hepatocellular carcinoma in HCV-related cirrhosis treated with direct-acting antivirals.; Conti F, Buonfiglioli F, Scuteri A; J Hepatol. 2016 Oct; 65(4):727-733)
  2. Maria Guarino, Anna Sessa, Valentina Cossiga, Federica Morando, Nicola Caporaso, Filomena Morisco, and On behalf of the Special Interest Group on “Hepatocellular carcinoma and new anti-HCV therapies” of the Italian Association for the Study of the Liver, World J Gastroenterol. 2018 Jun 28; 24(24): 2582–2595.
  3. European Association for the Study of the Liver. EASL Recommendations on Treatment of Hepatitis C 2018. J Hepatol (2018), https://doi.org/10.1016/j. jhep.2018.03.026